ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა: მარტივი განმარტება

ბევრი ფიქრობს, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომები შემთხვევითია. სინამდვილეში, ასე არ არის. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს, შემოგთავაზოთ ერთგვარი გამარტივებული სქემა, რომლის მეშვეობით, დაინახავთ, რომ ეს სიმპტომები, სინამდვილეში, მწყობრი ლოგიკით ხასიათდება.

პირველ რიგში, სქემა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც, რისიც ყველაზე მეტად ეშინია – აქვს ყველაზე საზარელი შიში.

ადამიანთა უმრავლესობა ამ თავის ყველაზე საზარელ შიშს აღწერს კონკრეტული მოვლენის თვალსაზრისით (ასეთია, მაგალითად, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ციხეში მოხვედრა, ფულის დაკარგვა, კიბოთი დაავადება, ჯოჯოხეთში მოხვედრა და ა.შ.). სინამდვილეში კი მათ ყველაზე მეტად ეშინიათ იმ ემოციური მდგომარეობის, რომელსაც ამ მოვლენას უკავშირებენ. მათი ყველაზე საზარელი შიში მდგომარეობს იმაში, რომ არ მოუწიოთ ამ ემოციურ მდგომარეობაში მუდმივად ყოფნა.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანს ეშინია ისეთი შეცდომის დაშვების, რომლის გამოსწორება შეუძლებელია, რომელიც მას შეიყვანს მისთვის საზარელ, დაუსრულებელ ემოციურ მდგომარეობაში. ეს არის მისი ძირეული შიში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანი თავს არიდებს ნებისმიერ რამეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი ძირეული შიშის განხორციელება (თავის არიდება) და გრძნობს, თითქოს იძულებულია, მიმართოს რაიმე ქმედებას ამ ძირეული შიშისგან თავდაცვის მიზნით (კომპულსია). ამდენად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომები ის სტრატეგიებია, რომელთაც ამ აშლილობის მქონე ადამიანი იყენებს ძირეული შიშისგან თავის დასაცავად.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ჰგავს ადამიანს, რომელსაც თავზე იარაღი აქვს მიდებული. მას იმდენად ეშინია იმისი, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ სტრატეგიებს არ მიმართა, რომ საერთოდ ვეღარ აღიქვამს, რომ სინამდვილეში მისი გადასაწყვეტია, ამ სტრატეგიებს გამოიყენებს თუ არა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის კარგავს ნებელობას.

სიმპტომებთან მიმართებაში ნებელობის სუბიექტური დეფიციტი მით უფრო მძიმდება, რაც უფრო დიდ ხანს იყენებს დაავადებული ადამიანი ამ სტრატეგიებს. ეს იმიტომ ხდება, რომ მას უკვე ძალიან ბევრჯერ გამოუვლია ის განცდა, თითქოს მას საკუთარი არჩევანის გაკეთება არ ხელეწიფება. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში, ადამიანს შეიძლება დაავიწყდეს კიდეც, რისი ეშინოდა ასე ძალიან (თუ ოდესმე საერთოდ იცოდა). როცა ადამიანს არ ესმის, რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს შეგრძნებას, რომ იგი სიტუაციას ვერ აკონტროლებს.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომები დამღლელია, ზღუდავს მოქმედების თავისუფლებას, შეუძლია აუტანელი შფოთვის გამოწვევა. მაგრამ, ამ აშლილობის, ალბათ, ყველაზე მძიმე მხარე არის მასზე კონტროლის დამყარების სრული უუნარობის შეგრძნება.
ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას ვმკურნალობთ ადამიანის ნებელობის ანუ სიტუაციაზე კონტროლის აღდგენით. რუმინაციაზე მიმართული ექსპოზიციური თერაპია ადამიანს ეხმარება ნებელობის აღდგენაში, რადგან აგებინებს, თუ რატომ ავლენს მისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს და სისტემატურად უწყობს ხელს ამ სიმპტომებზე კონტროლის დამყარებაში*. ზოგჯერ ამისათვის საჭიროა პაციენტისთვის იმის სწავლება, თუ როგორ მოიპოვოს კონტროლი (მაგალითად, შეწყვიტოს რუმინაცია). არის შემთხვევები, როდესაც თერაპია ითვალისწინებს ადამიანის დახმარებას, რომ მან რაღაც გააკეთოს ან, პირიქით, არ გააკეთოს იმის მიუხედავად, თუ რამდენად ეშინია მას ამ ქმედებების პოტენციური შედეგების.

ცხადია, ფენომენის მარტივად ახსნისას ყველა საკითხის მოცვა შეუძლებელია. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ამ სტატიაში მოცემული განმარტება იმის საწყის წერტილად მაინც გამოდგება, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომებში ლოგიკა დავინახოთ.
* ექსპოზიციური თერაპია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა დაინახოს: კონკრეტულ ქმედებას მოსალოდნელი უარყოფითი შედეგი სინამდვილეში არ მოჰყვება. მაგრამ ეს ექსპოზიციური თერაპიის მთავარი მექანიზმი არ არის. მეტიც, შეუძლებელია ყოველთვის იმის დამტკიცება, რომ X ქმედება Y შედეგს არ იწვევს. რუმინაციაზე მიმართული ექსპოზიციური თერაპიისას მთავარი მიზანია, ადამიანმა დაინახოს, რომ მას, იმის მიუხედავად, თუ რა შედეგი დადგება, აქვს არჩევანის გაკეთების თავისუფლება.
ავტორი: დოქტორ მაიკლ გრინბერგი (Dr. Michael Greenberg)